Monday, 11 November 2019

ილია ჭავჭავაძის სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე


ღმერთმა შექმნა ქვეყანა მისცა მას უამრავი სიმდიდრე: ტყეები, მდინარეები, მთები. ადამიანს კი უანდერძა შრომა.

ხშირად ამბობენ, რომ ღმერთმა ჩვენს პატარა ქვეყანას, საქართველოს, ბევრი სიმდიდრე მისცა. უხვი კალთა დაბერტყა. ამას იმიტომ ამბობენ რომ ჩვენი პატარძალსავით მორთული საქართველო სხვა ბევრ ქვეყნებზე უფრო მდიდარია. ჩვენც, ქართველებიც მშრომელი, ჯანიანი და გამრჯე ხალხი ვართ.

მაშინ რატომ ვართ ღარიბები?
იმიტომ, რომ არ ვიცით სად რა სიმდიდრე დევს და საიდან რა ხერხით ამივიღოთ.

ყველაფერი გვაქვს სიმდიდრეც, ხალხიც გამრჯე ვართ. მაგრამ არ გვაქვს ერთი რამ. ეს არის ცოდნა. ცოდნის გარეშე ჩვენ ვერ მოვიპოვებთ სიმდიდრეს. ცოდნა არის სიმდიდრის მოპოვების ხერხი. როგორც ამბობენ: ხერი სჯობია ღონესა, თუ კარცი მოიგონებსა. ზოგ ქვეყანაში ხალხს ცოდნა აქვს და ამ ცოდნით მცირე სიმდიდრეც კი საკმრისია კარგი ცხოვრებისათვის. ზოგ ქვეყანა კი ბევრი სიმდიდრე აქვს, მაგრამ ხალხს ცოდნა არ აქვს და არ იციან როგორ გამოიყენონ იგი.

ცოდნა ისეთი რამეა, რასაც ყველგან თან წაიღებ, ვერც ვერავინ მოგპარავს ან წაგართმევს.

დღევანდელ დროში ცოდნა ყველაფერია. ფულზე უფრო დიდი მნიშნელობა აქვს, ხმალზე მეტად ჭრის და ზარბაზანივით უფრო ძლიერია.

ღონიერი ისაა, ვისაც ჭკუასთან ერთად ცოდნაც აქვს. ამიტომ ცოდნა სიმდიდრეა და მერე ისეთნაირი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს მისცე, შენ მაინც არაფერი დაგაკლდება, თუ არ მოგემატება.

ცოდნა ანთებულ სანთელს გავს. ერთი სანთლით შეგიძლია ათას სხვა სანთელსაც მოუკიდო. ამით სანთელს არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.

სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს სადმე ბნელაში, ქურდს, და მტერს აფრთხობს. იქ სინათლეა, სჩანს ჰღვიძავთო.

ცოდნა სანთელს ერთ რამეში არ გავს. სანთელი შეიძლება ჩაქრეს, ხოლო ცოდნა კი არასოდეს ჩაქრება. იგი მამიდან შვილზე, შვილიდან შვილიშვილზე გადადის და უფრო ძლიერდება.

ცოდნამ არ იცის უფროს-უმცროსობა. როგორც თითონ ღმერთი, ცოდნა ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს გლეხსაც და თავადსაც. ყველას ერთნაირად დააშვენებს, ოღონდ კაცი იყოს მოწადინებული ცოდნისათვის.

როგორ შევიძინოთ ეს სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვია და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება?

ერთმა კაცმა გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო. ის კაცი თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელ საქმეს და ამ სოფელში დადგა ცოდნის აკვანი და მოიწვია ძიძები. ეს კაცი ილია წინამძღვარიშვილია, აკვანი ის პატარა შენობაა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მოწვეულნი ოსტატები არიან.

აი, ეს არის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. ამ პატარა სახლიდამ გამოვა ცოდნა, როგორც დიდი ღონე, დიდი ხერხი, რომელიც ყოველთვის გაამარჯვებინებს ადამიანსა. ამ ცოდნას გამოიტანენ მოსწავლეები და მოჰფენენ მთელს ქვეყანას

No comments:

Post a Comment